,,ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს – სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.

ამ პირობებში, ჩვენს თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით და სრულად შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ.გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი.

ჩვენმა კონტრაქტორმა ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია.მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზესტაფონის ფერო 5 თვით მუშაობას წყვეტს, ჩერდება ჭიათურის მაღაროც

მსგავსი თემები