“რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის და შემდეგ დგას გაბუტული გენიოსივით”- ელისაშვილი გახარიაზე

“მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? – მოვიდეს, არავინ კარს არ უჭედავს”- „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, გახარია  ერთობლივ შტაბში კონსულტაციებზე არ მიდის.

“ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ვპატიჟებთ ყოველ ჯერზე გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით, ჩვენი კოალიციის ოფისი, რომელიც ერთობლივ შტაბად გადაკეთდა. მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? – მოვიდეს, არავინ კარს არ უჭედავს.

ყველას უნდა, რომ ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება. ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. თუ არ მოგწონს, მოდი შე დალოცვილო და დახურულ კარს მიღმა გვითხარი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის და შემდეგ დგას და იქიდან გაბუტული გენიოსივით რაღაცებს გეუბნება. არ გამოდის ეს ამბავი, მოდი, დაჯექი კაცურად, განსაცდელშია ქვეყანა“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრას პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრები არ ესწრებოდნენ.

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გახარიას პარტიასთან ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებზე კოორდინაცია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

მსგავსი თემები