ბოლო წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა პოდკასტის საშუალებით საკუთარი ცოდნისა და ინტერესების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება. ამ ტიპის პროექტების აქტუალობა სულ უფრო იზრდება, მათ შორის საქართველოშიც. თუკი თქვენც გაქვთ პოდკასტის იდეა, თუმცა გარემო ფაქტორები გაბრკოლებთ, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს. დღეს მოგიყვებით, როგორ არის შესაძლებელი მარტივად, სახლის პირობებში პოდკასტის სტუდიის მოწყობა. ასე რომ, ცალკე სივრცის მოძებნა და დამატებითი ხარჯების გაღება აღარ მოგიწევთ. გაეცანით, რა ტიპის აპარატურა დაგჭირდებათ თქვენი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, როგორ უნდა შეარჩიოთ ადგილი და მოაწყოთ ოთახი. ქვემოთ გთავაზობთ რჩევებს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
როგორ შევარჩიოთ ადგილი
პოდკასტის ჩასაწერად მნიშვნელოვანია ყველაზე მშვიდი და წყნარი ადგილის შერჩევა, სადაც გარედან შემომავალი ხმაური მინიმალურია. იდეალური ვარიანტია ოთახი, რომელიც დანარჩენი სივრცისგან იზოლირებულია და მეზობლების ან ქუჩიდან შემოსული ხმაური ნაკლებად აღწევს. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ოთახის აკუსტიკა, რადგან ექო ხელს შეგიშლით ხმის ხარისხიანად ჩაწერაში და საბოლოო ჩანაწერიც ხარვეზიანი გამოვა. მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩები, ფარდები ან ოთახში მეტი ავეჯი მოათავსოთ. სივრცის ამგვარი გადანაწილება აკუსტიკის გაუმჯობესებს.
რა ტიპის აპარატურა დაგჭირდებათ
პოდკასტის ჩაწერამდე სტუდიის მოსაწყობად საჭირო აპარატურა უნდა მოიმარაგოთ. აუდიო ხარისხი პოდკასტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ამიტომ ტექნიკის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილია ინსტრუმენტების სია, რომელიც დაგჭირდებათ.
- მიკროფონი – პოდკასტის ჩასაწერად კომფორტული და პრაქტიკულია უსადენო მიკროფონები. ისინი საშუალებას გაძლევთ ჩაწერის დროს თავისუფლად იმოძრაოთ. ხარისხის კუთხით განსაკუთრებით ეფექტურია კარდიოიდული სტრიმინგ მიკროფონი, რომელიც გარე ხმის იზოლაციასა და სუფთა, ხარისხიან ჟღერადობას უზრუნველყოფს.
- აუდიო ინტერფეისი – პოდკასტის ჩაწერის პროცესში ასევე დაგჭირდებათ აუდიო ინტერფეისი, რისი დახმარებითაც მიკროფონი და კომპიუტერი ერთმანეთს უკავშირდება. ამგვარად, მიკროფონიდან მიღებული სიგნალი ციფრულ ფორმატში გარდაიქმნება და გადაეცემა კომპიუტერს, რაც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ და დაამუშაოთ ჩანაწერი. გარდა ამისა, აუდიო ინტერფეისი უზრუნველყოფს ხმის ხარისხის გაუმჯობესებას და ხელს უშლის ხარვეზებს ჩაწერის პროცესში.
- ყურსასმენები – პროფესიონალური ყურსასმენები პოდკასტის ჩაწერისას აუცილებელია, რადგან მათი დახმარებით შეგიძლიათ აუდიო ჩანაწერის ხმა დაარეგულიროთ. სასურველია, შეარჩიოთ კომფორტული ყურსასმენები, რომლებიც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც არ შეგაწუხებთ და გარედან შემოსულ ხმებს სათანადოდ დაახშობს. ეს საშუალებას მოგცემთ სრულად კონცენტრირდეთ ჩაწერის პროცესზე.
- ხმის ჩამწერი პროგრამა – ხმის ჩასაწერად არსებობს რამდენიმე პოპულარული პროგრამა, რომლებიც პოდკასტის სტუდიებისთვის ფართოდ გამოიყენება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უფასო პროგრამაა Audacity. Mac-ის მომხმარებლებისთვის ასევე პოპულარულია GarageBand. გარდა ამისა, არის ფასიანი პროგრამებიც, რომლებიც დამატებით ფუნქციებს გვთავაზობენ.
დამატებითი რჩევები
პოდკასტის ჩაწერისას გირჩევთ გაითვალისწინოთ ყოველი მიკროფონის ჩაწერის დისტანციაც, რათა თქვენი ხმა სუფთად და მკაფიოდ ისმოდეს. თუ ჩაწერის შემდეგ მაინც დარჩება გარედან შემოსული არასასურველი ხმები, მათ გასაფილტრად შეგიძლიათ სპეციალური ხმის დასამუშავებელი პროგრამების, მაგალითად – Adobe Audition ან RX Elements-ის გამოყენება. ჩაწერის პროცესში შეფერხების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად დატესტეთ სტუდია წინასწარ, ჩაწერეთ რამდენიმე საცდელი ფრაგმენტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ექსცესების გარეშე ჩაივლის.
შეჯამება
როგორც ხედავთ, პოდკასტის ჩაწერა სახლის პირობებშიც სავსებით შესაძლებელია. მხოლოდ, ამისთვის საჭირო აპარატურა: მიკროფონი, აუდიო ინტერფეისი, ყურსასმენები და ხმის ჩამწერი პროგრამა დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ ოთახის აკუსტიკა და წინასწარ დატესტეთ სტუდია, რათა ჩაწერის დროს რაიმე პრობლემა არ შეგექმნათ. ამ რჩევების გათვალისწინებით შემთხვევაში, თავისუფლად შეძლებთ თქვენზე მორგებული სივრცის უზრუნველყოფას. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ახალ წამოწყებაში!