როგორ ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიული საერთო სამუშაო სივრცეში

პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა საგრძნობლად შეცვალა. ეს ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება, მათ შორის, სამსახურებრივ პირობებზეც. თუკი აქამდე კომპანიების უმეტესობა უარს ამბობდა დისტანციური სამუშაო პირობების შეთავაზებაზე, დღეს დამსაქმებლების დიდი ნაწილი სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. დისტანციურად მუშაობის ხანმოკლე გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, რომ ის კომფორტული და პროდუქტიულია, როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის.

სამსახურებრივი გარემოს ამგვარმა ტრანსფორმაციამ ახალი საჭიროებები წარმოშვა. ასე გაჩნდა საერთო სამუშაო სივრცის იდეა, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ დისტანციურ რეჟიმში მომუშავე ადამიანებზეა გათვლილი. მათი რიცხვი, ვინც ამ კონცეფციით მოიხიბლა და უკვე შეუერთდა საერთო სამუშაო სივრცეს, სულ უფრო იზრდება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ დღევანდელი თემა აუცილებლად დაგაინტერესებთ. დღეს ვისაუბრებთ, როგორ ვიყოთ საერთო სამუშაო სივრცეში მაქსიმალურად პროდუქტიული.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამუშაო სივრცის შერჩევისას

დღესდღეობით თბილისის მასშტაბით უკვე არაერთი საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ პირობებს გვთავაზობს. მათ შორის არჩევანის გაკეთება თქვენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოთ, კარგი იქნება, თუ თქვენი სამსახურამდე მისასვლელი გზა, რაც შეიძლება, მოკლე და კომფორტული იქნება. თუ გზაშივე დაიღალეთ, ცხადია, დღის დარჩენილი ნაწილიც ვერ შეძლებთ დატვირთვით მუშაობას. ამიტომ, გირჩევთ, საერთო სამუშაო სივრცე თქვენს საცხოვრებელთან ახლოს მოიძიოთ.

გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც თქვენ მიერ შერჩეული საერთო სამუშაო სივრცე გთავაზობთ. რამდენად მორგებულია ეს გარემო თქვენს საჭიროებებზე? შეგიწყობთ ხელს, თვითგანვითარებასა და კარიერულ წინსვლაში? ამ მიზნით, ყურადღება მიაქციეთ იმ ატმოსფეროსაც, რომელსაც გარშემო მყოფი ადამიანები ქმნიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს უკანასკნელი დიდ გავლენას ახდენს მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე.

რუტინა, რომელიც პროდუქტიულობაში გვეხმარება

თუ უკვე გადაწყვიტეთ, რომელ საერთო სამუშაო სივრცეში აპირებთ თქვენი სამსახურებრივი დღის გატარებას, დროა, განრიგის გაწერაც დაიწყოთ. დისტანციურად მუშაობისას გვაქვს თავისუფლება, ჩვენი სამუშაო დღე სურვილისამებრ დავგეგმოთ. ეს დიდი პრივილეგიაა, თუმცა ხშირად სირთულეებიც შეიძლება წარმოშვას. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევაა სამუშაო საათების განსაზღვრა.

დრო რომ არ გაგვექცეს და საქმეზე კონცენტრაცია შევძლოთ, სასურველია, შევიმუშაოთ რუტინა, რომელსაც ყოველდღიურად მივყვებით. წინასწარ გაწერეთ დღის რა მონაკვეთს დაუთმობთ მუშაობას და რა შუალედში შეისვენებთ. საერთო სამუშაო სივრცე შესაძლებლობას გვაძლევს, განტვირთვისთვის ღია სივრცეში სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ, ყავა დავლიოთ და გარშემო მყოფ ადამიანებს გავესაუბროთ. ამგვარი საუბრები შესაძლოა მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს კარიერული განვითარებისთვის.

როგორ მოვიწყოთ კომფორტული სამუშაო სივრცე

საერთო სამუშაო სივრცეში უამრავი ადამიანი იყრის თავს. ასე იქმნება დინამიკური, ცოცხალი გარემო. იმისთვის, რომ ამ გარემოში თქვენი სიმშვიდე იპოვოთ, აუცილებელია კომფორტული სამუშაო კუთხის მოწყობა. კონცენტრაციისთვის შესაძლოა დაგეხმაროთ, თუკი ყოველდღე ერთსა და იმავე მაგიდას დაიკავებთ. ასე, ამ ადგილთან პირადი სივრცის განცდა გაგიჩნდებათ, რაც ყურადღების მოკრებას გაგიმარტივებთ. სურვილის შემთხვევაში, არ მოგერიდოთ სახლიდან საკანცელარიო ნივთების ან თქვენი საყვარელი სუვენირების წამოღებაც. ეს, ერთ შეხედვით, მცირე დეტალები კომფორტის მომგვრელია და სტრესთან გამკლავების კარგი გზაა.

რესურსები, რომლებსაც საერთო სამუშაო სივრცე გვთავაზობს

საერთო სამუშაო სივრცის უმთავრესი უპირატესობა ის უნიკალური შესაძლებლობებია, რომლებსაც ეს გარემო გვთავაზობს. თუ ამ რესურსებს მაქსიმალურად აითვისებთ, თქვენი საქმე საგრძნობლად გამარტივდება. თანამედროვე ტექნიკა სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში დაგვეხმაროს. საერთო სამუშაო სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. აქ ყველა ის რესურსია ხელმისაწვდომი, რომელიც საქმეში შეიძლება დაგჭირდეთ. ამიტომ, კარგად გაეცანით თითოეულ მათგანს და ისწავლეთ მათი გამოყენება.

ინვენტარის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეში იყრის თავს. ახალი კავშირების გაჩენა გადამწყვეტ როლს თამაშობს კარიერულ წინსვლაში. საერთო სამუშაო სივრცეში სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ინტერესების ადამიანები იყრიან თავს. მათთან კომუნიკაციით ბევრი რამ შეიძლება ისწავლოთ.

შეჯამება

საერთო სამუშაო სივრცე არის საუკეთესო გარემო, რათა განმარტოვდეთ და საქმეზე კონცენტრაცია შეძლოთ. ამასთან, გეძლევათ შანსი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, მიიღოთ ახალი ინფორმაცია და გამოიყენოთ უახლესი ტექნიკა. განტვირთვა სამუშაო დღის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია. საერთო სამუშაო სივრცე არც ამ კუთხით გაგიცრუებთ იმედებს. თუკი ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, თქვენი ყოველდღიურობა საერთო სამუშაო სივრცეში ბევრად პროდუქტიული და მრავლისმომცემი გახდება.

 

მსგავსი თემები