ლაშქრობისთვის მზადება ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ლოკაციისკენ მიმავალ გზას დაადგები. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზურგჩანთის სწორად ჩალაგებაა. ნუ დაგავიწყდება, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, შენი კომფორტი და უსაფრთხოება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ საველე პირობების გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი, თან უნდა იქონიო ყველა საჭირო ნივთი და აღჭურვილობა. თუ დამწყები მოლაშქრე ხარ, ჩვენი რეკომენდაციები სწორედ შენთვისაა. გაეცანი რჩევებს, თუ რა ნივთები უნდა წაიღო და როგორ მოემზადო ლაშქრობისთვის.
სალაშქრო ნივთების სია
სალაშქრო სია მოიცავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც მოგზაურობის დროს სხვადასხვა სირთულის გადალახვაში დაგეხმარება. ჩალაგებისას ორი მთავარი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინო: ნივთების წონა და მათი გამოყენების სიხშირე. სათანადო მომზადება დაგეხმარება, გაუმკლავდე ბუნებაში არსებულ გამოწვევებს და თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნო. შესაბამისი ტანსაცმლისა და საკვების გარდა, არ უნდა დაგავიწყდეს პირველადი დახმარების მედიკამენტები, თვითგადარჩენის ხელსაწყოები, ჰიგიენის საშუალებები და კომფორტის საგნები. ქვემოთ ჩამოთვლილია იმ ნივთების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაალაგო ზურგჩანთაში.
- კარავი, საძილე ტომარა, პარალონი – იმ შემთხვევაში, თუ ღამის გასათევად მიდიხარ
- პირველადი დახმარების ნივთები – თავის დაზღვევის მიზნით, გადაუდებელი შემთხვევებისთვის
- პირადი ჰიგიენის ნივთები – იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და სუფთად იგრძნო
- სალაშქრო დანა – საკვების მოსამზადებლად ყოველდღიური საჭიროებებისთვის. დაათვალიერე სალაშქრო დანების მრავალფეროვანი კოლექცია
- მეტალის ჭურჭელი – მარტივად არ ზიანდება და ადვილად ირეცხება, ამიტომ იდეალურია საველე პირობებში
- ასანთი ან სანთებელა – კოცონის ასანთებად
- ნავიგაციის საშუალება – GPS, კომპასი ან რუკა დაგეხმარება, სწორად განსაზღვრო მარშრუტი
- სანათი – ღამის საათებში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის
- მზისგან დამცავი საშუალებები – სიარულის დროს დამწვრობა რომ არ მიიღო. ჩაალაგე ჩანთაში მზის სათვალე, კეპი, მზისგან დამცავი კრემი
- მწერების საწინააღმდეგო სპრეი – მწერების ნაკბენებისგან და ალერგიისგან თავის დასაცავად
- პორტატიული დამტენი – ელექტრონული მოწყობილობების დასატენად
- ნაღდი ფული – შეიძლება დაგჭირდეს ისეთ ადგილებში, სადაც ბარათით გადახდა არ ხდება
სალაშქრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
სალაშქრო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შერჩევა მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. საუკეთესო არჩევანი მსუბუქი, კომფორტული და ამინდის შესაბამისი ტანსაცმელია. გირჩევთ თან მხოლოდ რამდენიმე წყვილი, გამძლე და მოსახერხებელი ტანისამოსი წაიღო, რათა ჩანთა არ დამძიმდეს და მისი ტარება არ გაგიჭირდეს. გაითვალისწინე, სალაშქრო ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს წყალგამძლე, ძლიერი ძირით. ნურც თბილი ტანსაცმლის, წინდებისა და საწვიმრის წაღება დაგავიწყდება.
საკვები
ლაშქრობა დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ აუცილებელია მოიმარაგო კალორიული, არამალფუჭებადი საკვები, რაც შიმშილს სწრაფად დაგიკმაყოფილებს. ამ მხრივ კარგი ვარიანტია ერთჯერადი სუპები, შესქელებული რძე, შვრიის ფაფა და კონსერვები. ამ ტიპის პროდუქტი მალე მზადდება და სატარებლადაც კომფორტულია. გზად წასახემსებლად იდეალურია თხილი და ტკბილეული. ასევე, არ ინანებ თუ ჩაის ან ყავის ერთჯერად პაკეტებსაც წაიღებ თან.
როგორ ჩავალაგოთ ზურგჩანთა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩალაგებისას ორ ძირითად ფაქტორს უნდა მიაქციო ყურადღება – ნივთების წონასა და მათი გამოყენების სიხშირეს. სიარულისას რომ არ დაიღალო, საჭიროა ჩალაგებისას ბალანსი დაიცვა. გაითვალისწინე, რომ მძიმე ნივთები თავსდება ზურგის მიმართულებით, მხრების კუნთების გასწვრივ. მსუბუქი აღჭურვილობა კი ჩანთის ძირში ნაწილდება. საშუალო წონის ნივთები დარჩენილ სივრცეს შეავსებს. ასევე, კარგი იქნება, თუ ხშირად გამოყენებად ნივთებს მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას, შენთან ახლოს შეინახავ. გაეცანი ვრცლად ზურგჩანთის ჩალაგების პრინციპებს სტატიაში – როგორ ჩავალაგოთ სალაშქრო ზურგჩანთა.
შეჯამება
ლაშქრობა სათანადო მომზადებას მოითხოვს. თუ დამწყები ხარ და ეს შენი პირველი ბუნებაში გასვლაა, გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინო და ყველა საჭირო ნივთი წინასწარ მოიმარაგო. პირველ რიგში, უნდა გქონდეს სწორი აღჭურვილობა და საკმარისი საკვები, რათა ენერგია შეინარჩუნო. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომ მოსახერხებელი იყოს და სიარულისას ხელს არ გიშლიდეს. თუ ჩვენს რჩევებს მიჰყვები, საჭირო დროს ყველა დამხმარე ხელსაწყო თან გექნება. გისურვებთ საინტერესო, სახალისო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას!