სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილი ვითარებას განცხადებით ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან.

,,ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. არსებითი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე გაჩენილი ეჭვების გაფანტვას.

სკანდინავიურმა ქვეყნებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე.

ბოლო წლებში ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა სულ უფრო შორდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია.

როგორც სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მიიყვანს მას ღირსეულ ადგილამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ კვლავაც მივადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობაზე მათი ქმედებების მიხედვით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ლარს ლიოკე რასმუსენი – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი;
ელინა ვალტონენი – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი;
ესპენ ბარტ ეიდე – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი;
მარია მალმერ სტენერგარდი – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი თემები