ავტობუსებში დამონტაჟებულ გადახდის სისტემას ხმოვანი სიგნალი დაემატება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსებში დამონტაჟებული  უბილეთო გადახდის აპარატებში ხმოვანი სიგნალის დამატებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს მისი ბარათიდან სამგზავრო ღირებულების ჩამოჭრას აპარატი არამხოლოდ ეკრანის ფერის ცვლილებით, არამედ ხმოვანი შეტყობინებითაც დაუდასტურებს.
როგორც “სითი კვირას” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ხმოვანი სიგნალის ამოქმედების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
“სითი კვირა” მედიაში გავრცელებული ინფორმაციითაც დაინტერესდა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე მგზავრმა გადახდის ახალ აპარატზე მგავრობის ღირებულება გადაიხადა, თუმცა აპარატმა არ დააფიქსირა და კონტროლიორმა ისინი დააჯარიმა. კომპანიის განმარტებით, გადახდის სისტემას ტექნიკური წუნი არ აღენიშნება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროგრამულად შემოწმდა კონკრეტული შემთხვევა და იმ ბარათიდან გადახდა არ დადასტურდა.
“რადგან ეს უბილეთო გადახდის სისტემაა, არის შემთხვევები, როცა მგზავრი აპარატს დაადებს ბარათს, მაგრამ არ ელოდება შეტყობინებას, ნამდვილად აისახა თუ არა გადახდა ბაზაში. როცა კონტროლიორი ამოწმებს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ თანხა არ არის გადახდილი და კანონის ფარგლებში, მგზავრი ჯარიმდება. ამიტომ აუცილებელია, მგზავრები კარგად დააკვირდნენ და ყურადღება მიაქციონ აპარატზე ფერის ცვლილებას – გადახდის შემდეგ აპარატის ეკრანი მწვანედ ინთება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, აპარატი მუშა მდგომარეობაში იყო. სხვა მგზავრებმა იმავე პერიოდში გადაიხადეს მზგავრობის საფასური და გადახდა ჩვეულებრივ დაფიქსირდა. გაუმართაობის ბრალი რომ ყოფილიყო, სხვა ბარათებსაც არ გაატარებდა”,- აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავტობუსის მძღოლს დაზიანებული აპარატით გადაადგილების უფლება არ აქვს. გადახდის სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, კომპანიაში დატოვოს შესაბამისი შეტყობინება, მოხსნას ხაზიდან სამგზავრო საშუალება, დაელოდოს ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც არსებულ ხარვეზს მოაგვარებს და შემდეგ განაგრძოს მუშაობა.
დაჯარიმების შემთხვევაში, მგზავრებს შეუძლიათ, 10 დღის ვადაში შეიტანონ წერილი, რომელსაც აუცილებლად შეისწავლის და განიხილავს, არა მხოლოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანია, არამედ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჯარიმა გაუქმებულა და გადაწყვეტილება მგზავრის სასარგებლოდ მიუღიათ, თუმცა ზემოხსენებულ შემთხვევაში, დაჯარიმებულმა მოქალაქემ ეს უფლება არ გამოიყენა.

მსგავსი თემები