„ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმართვის შესახებ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით არის პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში დაბარებული, რადგან ის ბოლო დღეებში გაყალბების ფაქტებზე საუბრობდა.
„ბოლო დღეებში ვისმენთ ცრუ კამპანიას, რომ თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა. თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გვეუბნებიან, რომ უამრავი ფაქტი არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებითო, თუმცა, მხოლოდ ორი ფაქტი წარმოადგინეს – ერთი, რომ დამკვირვებლებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და მეორე მილიონერ ბეჭდებიან ქალბატონზე.
ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის. თუკი ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს, ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და ისაუბრა გაყალბებაზე. მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.