ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადათვალა. 70-დან ხუთი უბანი ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. მათივე ინფორმაციით, არცერთი უბნის შედეგებში რაიმე სახის ცდომილება არ იყო. 67-ე საარჩევნო ოლქში 116 526 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 26 ოქტომბრის არჩევნებზე 55 098 ამომრჩეველმა მისცა ხმა მისთვის სასურველ პარტიას.
„ლოტოტრონის საშუალებით, გუშინდელ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდა ხუთი უბანი. ესენია: N9, N25, N42, N45 და N 52-ე უბნები. უბნის შედეგების გადათვლა მოხდა კანონმდებლობის საფუძველზე, შედეგები უცვლელია, ამ გადათვლების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შედეგების უცვლელად დატოვების შესახებ“, – განაცხადა ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.