შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუს დროს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი მრავალ დარღვევაზე მიუთითებს და შვედეთს არ შეუძლია ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს რასაც მისი ქვეყანა იცავს.
,,ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო ანგარიშები, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იყო ბევრი დარღვევა, რომ ეს არის არჩევნები, რომელიც არ არის სანდო, რომ ადგილი ჰქონდა აშკარა მოტყუებას სხვადასხვა გზით.
უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს სერიოზული დაახლოება ევროპასთან, რაც არის ხალხის ნება და ამას შედეგიც უნდა მოჰყვეს.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცავთ,” – განაცხადა კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერმინისტრმა ინტერვიუს დროს მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველო და მოლდოვა რუსეთსა და ევროპას შორის მიმდინარე ომის შუაგულში დგანან.
,,ყველაფერი მიუთითებს დიდი რაოდენობით დარღვევებზე. ამრიგად, ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც ახლა დგანან ზუსტად რუსეთის გავლენასა და ევროპულ, დემოკრატიულ გავლენას შორის მიმდინარე ომის შუაგულში. მე ვიტყოდი, რომ ეს უკიდურესად ავისმომასწავებელია.
დიახ მაწუხებს, რომ საქართველოში შეიძლება ისეთი ვითარება მივიღოთ, როგორიც ბელარუსშია, რუსეთის ამბიცია არის ევროპასთან დაახლოების შეჩერება, ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმებით, მაგრამ ეს არის ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის.
ჩვენ გუშინ ზელენსკის ვესაუბრეთ და ის აღნიშნავს, რომ რასაც ახალა რუსეთი უკრაინაში აკეთებს სურს იგივე მოლდოვაშიც გააკეთოს და რაც შეიძლება მალე,” – განაცხადა კრისტერსონმა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.