,,საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების გაყალბებაში მონაწილეების პასუხისმგებლობაზე ვიზრუნებთ” – სენატორი შაჰინისა და რიშის განცხადება

,,საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების გაყალბებაში მონაწილეების პასუხისმგებლობაზე ვიზრუნებთ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ერთობლი განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ,,ამერიკის ხმა” ავრცელებს.

,,მიუხედავად ჩვენი ბოლოდროინდელი შეშფოთებისა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დავინახავდით საქართველოს მთავრობის ნებას, ჩაეტარებინა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის სურვილებს. რეალურად, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებში სხვა რამის მომსწრე გავხდით.

ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ISFED-ის მიერ გაზიარებული ანგარიში აჩვენებს მრავალრიცხოვან დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზარალა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები.

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ ათობით ცნობით, მათ შორის, ძალადობის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს არჩევნების შედეგების მთლიანობა.

ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინოს, მოახდინა თუ არა ამ ფაქტებმა რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

ეს სახიფათო მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, ,,ქართულმა ოცნებამ”, უნდა აღიაროს, რომ მისმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს მყისიერი შედეგები ქვეყნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა უდავოდ ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. თუკი ქართველი ხალხი აირჩევს მშვიდობიანი პროტესტის გზას, ჩვენ ვაღიარებთ მათ უფლებას და მოვუწოდებთ საქართველოს შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ ამ ღრმად მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ განვახორციელებთ დამატებით ცვლილებებს ჩვენს ორპარტიულ კანონმდებლობაში, ,,ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებასა და მანიპულირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ამერიკის სენატი სრულად არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს”, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი თემები