არჩევნების გასაპროტესტებლად პრეზიდენტის მიერ დედაქალაქში 19:00 საათისთვის დაანონსებულ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. საპროტესტო აქციაზე მოდიან ქუთაისიდანაც, ის კი ვინც თბილისში წამოსვლას ვერ ახერხებს, აქციას ქუთაისში გამართავენ.
,,არჩევნები პირდაპირი მნიშვნელობით მიითვისეს და მოგვპარეს, ხმების დაცვა უმნიშვნელოვანესია, მივდივარ ჩემი თანაქალაქელების და მთლიანად ქვეყნის არჩევანის დასაცავად. ძალიან ცდილობს რუსული რეჟიმი დაგვაპირისპიროს თაობები, მამამაც შვილმაც დედამაც და ყველა თაობამ გააკეთა სწორი არჩევანი და ეს არჩევანი იქნა მითვისებული და ამას არ შევარჩენთ”, – ამბობს ქუთაისის მკვიდრი მიხეილ მესხი ,,მთავარ არხთან”.
სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე კი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, ისინი სოლიდარულები არიან თბილისში დაგეგმილი აქციის, თავად კი ქუთაისში გამართულ აქციას უერთდება.