„იქნებ, აქ იყო შეცდომა. როდესაც პოლიციელი გაიტაცეს, იქნებ, მაშინ უნდა დაწყებულიყო საპასუხო ნაბიჯები“ – დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ნიკანორ მელიას დანაშაულებრივი ქმედებები გამოკვეთილია.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გამოიკვეთა ნიკანორ მელია, როგორც წინამძღოლი ჯგუფური არეულობის და პარლამენტში შეჭრის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ცოტა ხანში, ეს მელია გაქრა და ჩვენ ვიყავით მოწმე იმისა, რომ პოლიციამ 2-3 საათის განმავლობაში გამოამჟღავნა ძალიან მაღალი თმენის უნარი. იქნებ, აქ იყო შეცდომა, როდესაც პირველად გაიტაცეს პოლიციელები, იქნება მაშინ უნდა დაწყებულიყო საპასუხო ნაბიჯები“ – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, ყველაზე დიდი ზარალი, რაც განვითარებული მოვლენებიდან მივიღეთ, თვალის ჩინის დაკარგვაა.

„არავინ არ აირიდებს პასუხისმგებლობას. ისეთი შემაძრწუნებელი ფაქტები მოხდა. თვალის სინათლის დაკარგვას ვგულისხმობ და ეს არის ყველაზე დიდი შემაძრწუნებელი ფაქტი. ეს რომ არ მომხდარიყო, არავითარი ზედმეტი კითხვები არ გაჩნდებოდა, რადგანაც, ჩვენ ვნახეთ პოლიციელებზე თავდასხმა და მოგერიება. ეს იყო გადატრიალების მცდელობა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ – განაცხადა ქანთარიამ.

მსგავსი თემები