“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში განვაგრძობთ ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, მმართველი გუნდი იქნება პირველი, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს.
„ჩვენ ვაკვირდებით მათ განცხადებებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე მათთან დაკავშირებული NGO-ების განცხადებებს, როგორიცაა ISFED და ა.შ. და ჩვენ ვსწავლობთ შესაბამის ფაქტებს. მაგალითად, ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, დაფიქსირდა მოსყიდვის 3 ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე ფაქტს და სამივე შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ტყუილი. საჭიროების შემთხვევაში ჩემი კოლეგები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, იქნება. მათ გაუჭირდებათ იმ დონეზე მანიპულაციების განხორციელება, რაც გააკეთეს 2020 წელს, როდესაც “პივიტი” გააყალბეს, თუმცა მუდმივად იქნება მცდელობა, რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუმცა ხალხში მათი რეპუტაცია არის რეალურად განულებული, შესაბამისად, მათ ყალბი ინფორმაცია ამ შემთხვევაში ვერავითარი ფასი ვეღარ ექნება”- განაცხადა კობახიძემ.