საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს-კენჭისყრა დაიწყო

დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო. 09:00 საათიდან 19:00 საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა წარიმართება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში არა უგვიანეს 20:00 საათისა უნდა დაბრუნდეს.

12:00 საათსა და 17:00 საათზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადათვალოს და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს. კენჭისყრის შენობები 20:00 საათზე დაიკეტება. კანონის გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს. ცესკო ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა უზრუნველყოს, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით.

მსგავსი თემები