ისრაელის შვიდ მოქალაქეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს. ისრაელის მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები გასულ თვეს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საომარ დროს მტრისთვის დახმარების აღმოჩენა და ინფორმაციის მიწოდება. ბრალდებულები ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლები არიან. მათ შორის არის ერთი სამხედრო, რომელმაც სამხედრო სამსახური მიატოვა. ასევე, ორი 16-17 წლის არასრულწლოვანი.
პროკურატურის ცნობით, ჯაშუშთა ჯგუფის ხელმძღვანელი ერთ-ერთი დაკავებული – აზის ნისანოვი იყო. გამოძიების მტკიცებით, ისინი მოქმედებდნენ როგორც ტურისტული გიდები და აგროვებდნენ ინფორმაციას ისრაელში სენსიტიური ობიექტების, სამხედრო ბაზებისა და ადამიანური სამიზნეების შესახებ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულებმა ირანის მითითებით ასობით დავალება შეასრულეს ორი წლის განმავლობაში და, ჯამში, 300 ათასი დოლარის ოდენობის თანხა მიიღეს.