სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ლიბანური მედიის ინფორმაციით, დილით, ქალაქ ჰასბაიაზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის არიან პროირანული მედიასაშუალების, „ალ-მაიადინის“ ოპერატორი ღასან ნაჯარი და მოჰამედ რედა, ასევე „ჰეზბოლასთან“ დაახლოებული ტელეარხის, „ალ-მანარის“ ოპერატორი.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბუნგალო, სადაც მამაკაცებს ეძინათ, პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდა.
„ოკუპანტების მიერ ჟურნალისტების საცხოვრებელზე თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო. დაშავებულები არიან სხვა არაბული არხების ჟურნალისტებიც“, – განაცხადა „ალ-მაიადინის“ დირექტორმა, ღასან ბინ ჯიდომ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, მათი წინასწარი გამოძიებით, ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან, სულ მცირე, 128 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ლიბანში, სულ მცირე, ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის Reuters-ის ჟურნალისტი.