გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩას კვეთდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა მომხდარი შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს ქ. ჯვარის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მოზარდი მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სალიაა.
„მე დღეს ჩვენს სკოლაში თვითნებურად დავუშვი ჩვენი სახელმწიფო დროშა… რადგან როცა მესამე კლასელი, ცხრა წლის მოსწავლე, გზაზე ასე ტრაგიკულად იღუპება, ეს არის ქვეყნის ტრაგედია და მას მთელი ქვეყანა გლოვობდეს უნდა და ასეც არის. ამ დღეებში ჩვენს სკოლაში დაგვიდგა თავზარდამცემი გლოვის დღეები.
ჩვენი ნიკო სალია დედასთან გზაზე, თავის სახლამდე 100 მეტრამდე სიახლოვეს, ავტომობილმა გაიტანა, ნიკო იმსხვერპლა. ამ ტრაგიკულ მომენტს ხმაურზე მისმა უფროსმა ძმამ საბამ მიუსწრო და თავისი ხელით გამოაცალა მკვლელ ავტომანქანას თავისი უსაყვარლესი ძმა. ამ ძალიან მძიმე წუთებში მე და მთელი ჩვენი სკოლა, მოსწავლეები და მასწავლებლები შენს გვერდით გვიგულე საბა.
ახლა შენ, შენი და ნიკოს წილი სიყვარული და სიკეთე უნდა დათესო, რაც ყველაზე მთავარია, შენი და ნიკოს წილი უნდა ისწავლო და ორივეს წილი უნდა ემსახურო სამშობლოს,შენს მშობლებს სიცოცხლის უნარი უნდა დაუბრუნო და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა შევძლოთ ყველამ ერთად!“, – წერს სკოლის დირექტორი.