შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ადამიანი: 2001 წელს დაბადებული ს.ა. და 2006 წელს დაბადებული ი.ხ. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების ფაქტზე დააკავეს.
,,მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში, დაშინების გზით, ფულის გამოძალვის მიზნით, ხელყუმბარა ისროლეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე დაზარალებულს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ პირებს გამოძალვაში დახმარებას ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ა.- და ი.ხ. უწევდნენ. საქმესთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 -181-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.