უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმას, რომელიც, მათ შორის, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს, პრობლემები შეექმნა, რადგან ალიანსის რამდენიმე საკვანძო წევრს ამის გაკეთება არ სურს.
გერმანია და აშშ – ეს ის მთავარი ქვეყნებია, რომლებიც ზელენსკის მოწოდებას დაუყოვნებლივ ნატოში მიწვევის შესახებ არ იზიარებენ. გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკისა და ნატოს ოთხმა მაღალჩინოსანმა უთხრა.
Politico აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი უკრაინის ნატოში მიწვევას დაუყოვნებლივ ითხოვს, ის იაზრებს, რომ ალიანსში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ზელენსკი დაჟინებით ამბობს, რომ უკრაინისთვის ომის დროს ნატოში დაუყოვნებლივი მიწვევა ფუნდამენტური საკითხია, თუმცა ალიანსის საკვანძო ქვეყნები შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ რუსეთთან ომში ჩაითრევს.
აშშ-ის ელჩი ნატოში ჯულიან სმიტი Politico-თან საუბარში ამერიკის პოზიციას განმარტავს. „დღესდღეობით ალიანსი ჯერ არ მისულა იმ წერტილამდე, როდესაც ის მზად იქნება უკრაინას წევრობა ან მისთვის მიწვევის გაგზავნა შესთავაზოს“, – აღნიშნა ელჩმა.
თუმცა, Politico-ს მტკიცებით, გერმანია და აშშ-ის გარდა უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ნატოში სხვებიც ეწინააღმდეგებიან – უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, ბელგია.