,,ივანიშვილის ,,შპანა” იყო, ,,ოცნების” დროშები ეჭირათ” – ლევან გოგიჩაიშვილი თავდასხმაზე

,,ივანიშვილის ,,შპანა” იყო, ,,ოცნების” დროშები ეჭირათ”, – პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის აქციიდან ბრუნდებოდნენ, თავად კი, ერთ-ერთ ტელევიზიაში მიდიოდა.

,,ჩემთვის მივდიოდი ტელევიზიაში. გამოვიყენე საჯარო ტრანსპორტი – მეტრო. შევედი ვაგონში, იქ ბევრი ადამიანი იყო, დროშები ეჭირათ ხელში და სავარაუდოდ აქციიდან მოდიოდნენ. ამ მომენტში მეც აქციას ვუსმენდი და სანამ ყურსასმენები მქონდა, ამ ადამიანების ხმა არ მესმოდა. თუმცა ინტერნეტი, რომ გაწყდა, ვიღაც ადამიანების ხმა მესმოდა ჩემი მისამართით. რაღაცებს იძახდნენ, როცა მივტრიალდი – ვერ მიცანიო. ცოტა ახლოს მივედი, არასასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ ყველა, ალკოჰოლის მძაფრი სუნი ასდიოდათ.

ჩვეულებრივი ,,შპანა” იყო. ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხყოფა თქვა. ამას მოჰყვა ყველაფერი, რაც მოყვა. კარგი იქნება თუ ამ კადრებს ამოიღებენ და გაუშვებენ. ბევრნი იყვნენ. თავიდან მეგონა 10 კაცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტნი იყვნენ. რაც შემეძლო ვიგერიებდი, ნამდვილად არ დამიკლია არც მე. აუცილებლად დავადგენ, ვინ არიან. გამორიცხულია ამ ზონდერებს ქვეყანა დავუთმოთ.

ესენი არიან პირადად ივანიშვილის ,,შპანა”. აქამდე დავიდა ეს კაცი – ზედ რომ არ შეხედავ, ასეთ ადამიანებს, რომ მისცა გათამამებების საშუალება. ფხიზლებიც არ იყვნენ და ადეკვატურებიც არ იყვნენ. ქართული ოცნების დროშები ეჭირათ ხელში. რაღაც მომენტში მეცოდებიან კიდევაც ეს ადამიანები, სხვა არაფერი შეუძლიათ – ზონდერობა, ტროლობა და აგრესია, რაც ასწავლა ბიძინა ივანიშვილმა”, – თქვა გოგიჩაიშვილმა ,,ფორმულასთან”.

მსგავსი თემები