საქართველოში არშემოშვების შემდეგ, ჩეხი ჟურნალისტის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ჟურნალისტი თბილისში არჩევნების გასაშუქებლად გუშინ საღამოს ჩამოფრინდა, მან სოციალურ ქსელ X-ში თავად დაწერა, რომ ქვეყანაში არ უშვებდნენ, მაგრამ არ ეუბნებოდნენ, რატომ. ამის შემდეგ ჟურნალისტი გაქრა, მას ოჯახი და მეგობრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და ფიქრობენ, რომ რეპორტიორი ქართულმა პოლიციამ დააკავა.
რეი ბეისლი თბილისში გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებსაც აშუქებდა, მანამდე კი უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს. ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ქართველ მებრძოლებთანაც.
,,ჩემი შეყვარებული ნარაიან ბასელეი ჩეხეთის მოქალაქეა, პროფესიით ჟურნალისტია. სამუშაო ვიზიტოთ მოდიოდა საქართველოში, გუშინ გამოფრინდა თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკიდან, პრაღიდან და როგორც ვიცი მას საზღვარზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დააყოვნეს აეროპორტში და არ უშვებდნენ. რამდენიმე საათის წინ ვეკონტაქტე ბოლოს.
მას ჩამოართვეს ყველა დოკუმენტი, ბარგი და ტელეფონი, ამიტომ ვეღარ ვახერხებ კომუნიკაციას. საზღვარზე არშემოშვების მიზეზი ჩვენთვის უცნობია, მისთვისაც არ აუხსნიათ დეტალურად არაფერი. მისცეს დოკუმენტი, რომელშიც მონიშნეს რომ საზღვარზე არ უშვებდნენ იმის გამო რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მაგრამ რა მოთხოვნებზეა საუბარი უცნობია.
ვეკონტაქტე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, მაგრამ მათაც ვერ დამიდასტურეს მისი ზუსტი ადგილმდებარეობა და მითხრეს, რომ ბოლოს ისინიც იმავე დროს ეკონტაქტნენ რეის როცა მე. ჩემმა მეგობარმა აგრეთვე დარეკა თბილისის აეროპორტში და მათ გვითხრეს, რომ მსგავსი სახელით და გვარით მგზავრიც კი არ იძებნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წლის მაისში რეი თბილისში იყო და ასრულებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, შემდეგ ის ჩეხეთში დაბრუნდა ყველანაირი პრობლემისა და გართულების გარეშე. ჩვენთვის გაურკვეველია ახლა მას რატომ შეექმნა პრობლემა, ძალიან ვღელავთ რადგან ვერ ვეკონტაქტებით,არ ვიცით სად არის და ვერც ვუკავშირდებით”, – ამბობს მარია კაპლინა.
,,ჯორჯი საქართველოში მიდიოდა, სადაც აშუქებდა საპროტესტო აქციას რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ. ბოლო კონტაქტი მასთან გვქონდა, როდესაც თბილისის აერპოპრტში იყო და გვითხრა, რომ საქართველოში არ უშვებდნენ. ამის შემდეგ ის უბრალოდ გაუჩინარდა. არავინ იცის, სად არის ის და რა ხდება. ჩვენ ვრელავთ, რომ ის შესაძლოა რუსეთში გადაიყვანეს ძალით, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი ამბავი გავაშუქეთ რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინაში.
ჩვენ ჩავწერეთ საკმაოდ გრძელი უნტერვიუ მამუკა მამულაშვილთან, რომელიც ქართული ლეგიონის დამფუძნებელია და ვფიქრობთ, რომ ესეც არის იმის მიზეზი, თუ რატომ დააკავეს ჯორჯი აეროპორტში. ის ინტერვიუ იყო ძალიან კარგი, გამოქვეყნდა ჩეხეთში, ითარგმნა ბევრ ენაზე, ასე რომ. ამ ინტერვიუმ მას კარგი არაფერი მოუტანა, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ამას არ ნანობს.
ის თვლიდა, რომ ხალხმა ევროკავშირში უნდა იცოდეს, რა ხდება საქართველოში და ამიტომ ცდილობდა, გაეშუქებინა ის, რაც თბილისში ხდებოდა”, – ამბობს მისი მეგობარი.