საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორ ,,ჭარალის” დასაცავ მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,ჭარალის” დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ე.გ. და 2001 წელს დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები