,,მინდა, რომ რუსეთის „ცარიდან“ ის ჩვეულებრივ პატიმრად გადაიქცეს” – ნავალნაია პუტინზე

იულია ნავალნაიას ქმრის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე აცნობეს, რომ ალექსეი ნავალნი ერთი კვირის განმავლობაში თავისუფალი იქნებოდა. ამის შესახებ ნავალნაიამ The Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მას უთხრეს, რომ ნავალნის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა. არ არის დაკონკრეტებული, ვინ მიაწოდა ნავალნაიას ინფორმაცია სავარაუდო გაცვლის შესახებ.

ნავალნაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან იცოდა მოსალოდნელი გაცვლის შესახებ, მაგრამ, იცოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაც, რომ ის შეთანხმებებს ჩაშლიდა.

ნავალნაიამ The Times-თან საუბარში ამბობს, რომ არ დაბრუნდება რუსეთში იქამდე, სანამ არ დარწმუნდება რომ საფრთხე არ ემუქრება და აეროპორტშივე არ დააპატიმრებენ, როგორც მისი მეუღლე. ოპოზიციონერის ქვრივმა განმარტა, რომ ის მალავს თავის საცხოვრებელ ადგილს და იძულებულია ისარგებლოს დაცვის მომსახურებით. ნავალნაიამ ასევე თქვა, რომ არ სურს პუტინის სიკვდილი  „მინდა, რომ ის რუსულ ციხეში აღმოჩნდეს, როგორც ჩემი ქმარი. მე მინდა, რომ რუსეთის „ცარიდან“ ის ჩვეულებრივ პატიმრად გადაიქცეს”, – ამბობს იულია ნავალნაია.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და თანამოაზრეები დარწმუნებული არიან, რომ ის პუტინის ბრძანებით მოკლეს.

სექტემბრის ბოლოს გამოცემა Insider-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ნავალნი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებასა და კრუნჩხვებს, რაც გამოცემის ცნობითვე, ადასტურებს, რომ ის მოწამლეს.

მსგავსი თემები