საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას ექვსი დღე აშორებს. მან აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
„კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა – ექვსი დღე გვაშორებს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით. ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს. მე არ ვიცი, რომელი იქნება ვაჟკაცი, ვინც გამოვა და იტყვის – დიახ, ჩვენ არჩევნები წავაგეთ და ძალაუფლება ქართველ ხალხს გადაეცემა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე, 27 ოქტომბერს მოხდება. 27-ში ჩვენ დიდი გამარჯვების დღე გვაქვს. მე დღეს პატივი მაქვს, აქ საქართველოს ჰიმნი შევასრულო“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.