“ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა” – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაზემ ქუთაისში, პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად!“
“დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა. მეგობრებო, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ჰყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ- სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.
ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის! სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული, განადგურებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა- ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას “არა ომს”. დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს!”- განაცხადა კალაძემ.