“ხმამაღლა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია”- ღარიბაშვილი

„როგორც შავი და თეთრი ფერი, ისე განსხვავდება 2012 წლის და 2024 წლის საქართველო“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე.

„ამიტომ მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს, უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილი „ლგბტ“ პროპაგანდის დაკანონების მცდელობას ბაღებში და სკოლებში, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ბოლოს, არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს სიკეთე, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები