ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. არიან დაშავებულები. მედიის ცნობით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ზემო, დასავლეთ და ცენტრალური გალილეის რამდენიმე ქალაქსა და დაბაში.
ჰაიფის გარეუბან კირიათ-ატაში დაზიანდა საცხოვრებელი შენობა და ახლომდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილები. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს ხანძარი, რომელიც ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილზე გაჩნდა.