კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის საკრებულოს კონკრეტული წევრები წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს ართმევენ. ამის შესახებ წითლიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. წითლიძის მტკიცებით, პირადობის მოწმობების სანაცვლოდ დევნილებს 200-დან 500 ლარამდე თანხას სთავაზობენ და ამის დამდასტურებელი აუდიოცანაწერებიც არსებობს.
“ორი ადამიანი, ზუგდიდის საკრებულოს წევრები – თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, ეს ადამიანები ბარამიას ჩასახლებაში, სადაც ცხოვრობენ დევნილები, დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობებში. ჩვენ გვაქვს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც მოგვაწოდეს მოქალაქეებმა, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ „ქართული ოცნება“ და ამჯერად თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები ცდილობენ, რომ პირადობის მოწმობები საქართველოს მოქალაქეებისგან იყიდონ. მე მოვუწოდებ ორივე მათგანს, ეს არის უკანონო ქმედება და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ამომრჩევლის მოსყიდვა არის დანაშაული და თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც თქვენი რეჟიმი დასრულდება და საქართველო გაიმარჯვებს” – განაცხადა ანა წითლიძემ.