ადამიანი, ვინც აქციის ორგანიზატორს მოკვლით დაემუქრა, იდენთიფიცირებულია   

ცოტა ხნის წინ დასრულდა აქტივისტ გიგა მაქარაშვილის დაკითხვა პოლიციაში, რომელიც მის მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებულ მუქარას ეხებოდა. ​მაქარაშვილის თქმით, პირი, რომელიც მას მოკვლით დაემუქრა, იდენტიფიცირებულია.

„თითქმის ოთხი საათი გამოკითხვაზე ვიყავი. როგორც ვიცი, ეს ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. ამ ადამიანთან მე არასოდეს მქონია შეხება. პირველად წუხელ დაიწყო მოწერა და დილით ვნახე ეს შეტყობინება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ მომკლავს. ძალიან მძიმე წასაკითხია ეს დეტალები. მას შემდეგ, რაც უკვე მივეჩვიეთ, რომ ცოტა აქტიურ ადამიანებს ბოტები გვიტევენ და გინებებზე რეაქცია აღარ გვაქვს, დაიწყეს უკვე ეს მუქარები. შესაბამისად, გადავწყვიტე პოლიციაში მოსვლა. მე ვიცი, ვერაფერს დამიშავებს, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, ძალიან დიდი ზიანი მიადგეთ ამ მუქარით. მსგავსი ადამიანები ბევრ წესიერ მოქალაქეს უქმნიან ფსიქოლოგიურ საფრთხეს“, _ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი რამდენიმე საათის წინ, მის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე მივიდა პოლიციაში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

მსგავსი თემები