ამირან გამყრელიძე: ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყარო საყოფაცხოვრებო ნივთებია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „იუნისეფთან“ ერთად ჩატარებულ რამდენიმეთვიან კვლევაზე დაყრდნობით, რომლის მიზანიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა იყო, გამოკვლეული 1578 ბავშვიდან 650 მათგანს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოაჩნდა. მათგან 16-ს კი, ორგანიზმში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საუბარია აჭარაში, გურიაში, იმერეთში, გორსა და თბილისში მცხოვრებ ოჯახებზე.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სავარაუდო წყაროებს შორის, საყოფაცხოვრებო ნივთები, ნიადაგი, ასევე სანადირო იარაღი და ტყვიები მოიაზრება.

აღნიშნული კვლევის შედეგად შესწავლილი ოჯახების საფუძველზე, სპაციალისტებმა დაადგინეს, რომ ტყვია ორგანიზმში როგორც სამონადირეო აღჭურვილობიდან, – იარაღისა და ტყვიისგან, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და ნიადაგიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წყაროების უფრო ზუსტი იდენტიფიცირების მიზნით, დღეიდან კვლევის პროცესში ორი ამერიკელი სპეციალისტი  ჩაერთო. ისინი აღნიშნულ 16 ოჯახში არსებულ სიტუაციას სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლიან. შესწავლის ობიექტები საყოფაცხოვრებო ნივთები, საღებავები, სათამაშოები, ნიადაგი, ონკანის წყალი და საკვები იქნება. ამერიკელი სპეციალისტების დასკვნა აგვისტოში გახდება ცნობილი.

როგორც ცოტა ხნის წინ “მედიაცენტრ მთავართან” საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, გამოკვლეული 1600-მდე ბავშიდან სისხლში მძიმე მეტალის – ტყვიის მატება დაახლოებით 650 ბავშვს დაუდგინდა.

„გამოკვლეული ბავშვების ხელახალ კვლევას სახელმწიფო დააფინანსებს. ამ ნაწილში შევა ინტერვენციებიც. ჩაერთვებიან პედიატრებიც. ისინი მიიღებენ რკინის, კალციუმის, ვიტამინების შემცველ პრეპარატებს. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და მათი მონიტორინგი პერიოდულობით განხორციელდება“ – აღნიშნა მაშინ ამირან გამყრელიძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

ამჯერად კი გამყრელიძე განმარტავს, რომ მიმდინარე თვიდან სპეციალისტები იმ 650 ბავშვს ხელახლა გამოიკვლევენ, რომელთა ორგანიზმში ტყვია სხვადასხვა შემცველობით დაფიქსირდა.

მსგავსი თემები