რუსთავში ოთხი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოთხი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზარი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა”- ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი თემები