20 ივნისს დაშავებულებს სახელმწიფო კომპენსაციას დაუნიშნავს

20 ივნისს დაშავებულ დემონსტრანტებს სახელმწიფო კომპენსაციას დაუნიშნავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მუშაობს, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული:

“კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ჩვენ ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ.

ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება და ისინი ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც მუდმივი მონიტირინგის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია ამ პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ამ დღეებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ კიდევ ერთი პაციენტი, დავით გრიგორიანი გაემგზავრება, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობების გამო მკურნალობს. მინისტრის თქმით, გრიგორიანს მკურნალობის კარგი დინამიკა აქვს, მის საქმეს კი, გამოძიება დეტალურად შეისწავლის.

მსგავსი თემები