მოტყუებით დაეუფლნენ აშშ-ში მცხოვრები პირების კუთვნილ $1 634 000 და 1 მილიონ ევროს – ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 ადამიანი.

,,ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს.

საზღვარგარეთ, ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და კრიპტოსაფულეებზე აკუმულირებული, უკანონოდ მოპოვებული ზემოაღნიშნული აქტივებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მრავალჯერადი ტრანზაქციებით და ფიქტიური დანიშნულებებით რიცხავდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლირებად სხვადასხვა საბანკო და კრიპტო ანგარიშებზე, მათ შორის საქართველოში. დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვის შემდგომ კი ახდენდნენ მათ ინვესტირებას უძრავ-მოძრავ ქონებებში.

გამოძიების მიერ, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებები, სანაკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარისა და ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 240 000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400 000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1 000 000 ამერიკული დოლარი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები