“იდგა ეს კაცი და ცხრაჯერ ესროლეს?- იქ სხვა ტიპის ვაზნაა ნასროლი, საიდანაც ერთ ჯერზე რამდენიმე ბურთულა გამოდის”

ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი 20 ივნისს აქციის დაშლის დროს გამოყენებულ იარაღებზე საუბრობს და განმარტავს, რომ გამოყენებული იყო 4 სხვადასხვა კატეგორიის რეზინის ტყვია, მათ შორის, სავარაუდოდ ისეთიც, რომელიც ერთი გასროლით ადამიანს რამდენიმე ჭრილობას აყენებს.

როგორც ზაზა ალთუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაცვით იარაღს, რომელიც აქციის დასაშლელად გამოიყენეს, რიგ ქვეყნებში მოქალაქეები თავისუფლად ყიდულობენ და ინახავენ.

“საუბარია თავდაცვით იარაღზე, უფრო სწორედ, ჭურვებზე, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის იარაღებთან სასროლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც კადრებიდან ჩანდა, ეს არის ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გამოიყენება ასევე, რეზინის ტყვიების სასროლად. აქციაზე გამოყენებული იყო 4 ტიპის სხვადასხვა ტყვია, თვითონ ეს იარაღი არის თავდაცვითი საშუალება, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებში, ასევე რიგ ქვეყნებში მოქალაქეებს აქვთ საშუალება, შეიძინონ ეს რეზინის ტყვიების სასროლი იარაღები და ჰქონდეთ საკუთრებაში.

ცეცხლსასროლმა იარაღმა შესაძლოა სხვადასხვა მოდიფიკაციის ჭურვი ისროლოს. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რომელი კლასიფიკაციის ჭურვს იყენებენ, ამას შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ყველა ჭურვს აქვს თავისი მახასიათებელი. ჭურვის ზომა და წონა განსაზღვრავს იმ მანძილს, საიდანაც წარმოადგენს ხიფათს, ამიტომაც ვინც მას იყენებს, უნდა იცოდეს ზედმიწევნით, მკაცრი ინსტრუქციებით, უნდა უტარდებოდეთ ძალიან მკაცრი ინსტრუქტაჟი, თუ რა მანძილიდან წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს მის მიერ ნასროლი ჭურვი. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მანძილის განსაზღვრას,”- აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, გავრცელებული კადრებიდან ცნობილი ადამიანი, რომელსაც ზურგში რამდენიმე იარა აქვს, სავარაუდოდ ე.წ. კარტიჯის ვაზნითაა დაჭრილი.

“როგორც კადრებში ჩანს, ადამიანებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთი საინტერესო ფაქტია, რომელზეც ყურადღება არ გამახვილდა, რომ ერთ ადამიანს ზურგზე აქვს რამდენიმე დაზიანება, როგორ წარმოგიდგენათ, იდგა ეს კაცი და ცხრაჯერ ესროლეს? – არა, იქ სხვა ტიპის ვაზნაა ნასროლი, ეს არის ე.წ. კარტიჯი, საიდანაც ერთი სროლის დროს შესაძლებელია რამდენიმე მრგვალი ბურთულა გამოვიდეს და ალბათ ეს იყო, რადგან ისეთი დაზიანება ჰქონდა, რომ ერთი ნასროლიდან უნდა ყოფილიყო მიღებული,”- განმარტავს ზაზა ალთუნაშვილი “მედიაცენტრ მთავართან.”

მსგავსი თემები