,,გამჭვირვალობა მავანს არ მოსწონს, იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და საზოგადოების გახლეჩას” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ვალდებული არიან, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, 156-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა, ორგანიზაციათა ნაწილი კი აღნიშნულ კანონს აპროტესტებს.

„აღნიშნულ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას? თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, გაფინანსებს უცხოური მთავრობა ან ორგანიზაცია, ეს უნდა დაარეგისტრირო, უთხრა ხალხს, დეკლარირება გაუკეთო, რა თანხები მიიღე, ვისგან და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მავანს არ მოსწონს, იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემიზმს. ეს ყველაფერი „შავად“ ხდებოდა იმ მსუყე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც შეინიშნებიან რევოლუციური პროექტების განხორციელებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები