რომის პაპმა ავტობიოგრაფია დაწერა

რომის პაპმა ფრანცისკემ პირველი ავტობიოგრაფია დაწერა. The Guardian-ი გამომცემლობა Penguin Random House-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წიგნი სახელწოდებით „იმედი“ 2025 წლის იანვარში გამოვა.

ფრანცისკეს თანაავტორი იტალიელი გამომცემელი კარლო მუსო გახდა. ისინი წიგნზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა თავიდან ნამუშევრის გამოქვეყნებას პონტიფექსის გარდაცვალების შემდეგ გეგმავდნენ.

გამომცემლობაში განმარტავენ, რომ რომის პაპმა გადაიფიქრა და წიგნის ახლა გამოქვეყნება „ჩვენი დროის საჭიროებებიდან გამომდინარე“ გადაწყვიტა.

წიგნი ფრანცისკეს სიცოცხლეზე მოგვითხრობს, დაბადებიდან ამ დრომდე. ავტობიოგრაფიაში რომის პაპი მსჯელობს ეკლესიის მომავალზე, გლობალურ კონფლიქტებზე, ფეხბურთსა და ბევრ სხვა თემაზე.

მემუარები 80 ქვეყანაში 2025 წლის 14 იანვარს გამოქვეყნდება.

მსგავსი თემები