„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მისი მისამართით ნათქვამ შეფასებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ვინც მას „მოღალატეს“ ეძახის ეს მის არჩევანია და ამ ბინძურ საქმეში ვერ ჩაითრევენ.
„ცოტა ტერმინებს უნდა გავუფრთხილდეთ და მე ასე ვიქცევი, როცა ვინმეს გადაწყვეტილებას თუ მოქმედებას არ ვეთანხმები. „მოღალატე“, „მოღალატეს“ ძახილში მთელი 30 წელი გავატარეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე ყველას მივმართე, რომ ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან, ხელისუფლების ეს შემოთავაზება იყო იძულებითი ნაბიჯი და თუ საბაბი მიეცემა დაწყებული საქმის ბოლომდე არ მიყვანის, ის ამას გააკეთებს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, საქმე ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა, ურთიერთ დაპირისპირებით ეს არ გამოვა.
„პროპორციული არჩევნების საქმე გასაგრძელებელია, გახარიას გადადგომის მოთხოვნაც გასაგრძელებელია. ვინც მონდომებულია განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, „ციციკორე გვარამიას“ , რომელიც ამ ქვეყანაში ყველას ჭკუის დამრიგებლად მოგვევლინა. გინდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ, და რაც უნდა ის მეძახოს. სადაც, პროპორციული არჩევნების თემაზე საჯარო ღონისძიება გაიმართება, მის ბოლომდე მისაყვანად, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, ყველგან ვიქნები“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, რაც არ უნდა ეცადონ, დაპირისპირებაში ვერ ჩაითრევენ: „მე ამ დისკუსიაში რომ შევიდე, გავაგრძელებ იმ ცუდ საქმეს, ვინც ასე ხელის აღებით ლაპარაკობს და ამ სიტყვებს ეძახის იმ ღონისძიების მონაწილეებს. მე რომ გავაგრძელო სატელიტობის თემა, მაშინ, ისიც უნდა ვთქვა, ვინც ამას ამბობს, ის თავად ვისი სატელიტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეც უნდა ჩამითრიოს ამ ხალხმა ამ პროცესში, რომელიც შემდეგაც ჩვენ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. ამიტომ. მე არ ჩავეთრევი ამ საქმეში.“
შეგახსენებთ, რომ, გუშინ, პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, დავით უსუფაშვილიც დაესწრო, რის გამოც, მას მოღალატე უწოდეს.