ოლიმპიური კომიტეტის ეზოში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ასევე, ახალი სტატუსი დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს.
დღევანდელ ღონისძიებაზე ლაშა ბექაურს, გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძეს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინები გადასცა. საქართველომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, 3 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიურ,ა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ვარსკვლავის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ჩემთვის, ძალიან დიდი პატივია ის, რომ ასეთ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. დიდი მადლობა ამ ძალიან მაგარი საქმის ორგანიზატორებს, ვისაც აზრი გაუჩნდა და ა.შ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგან გვერდში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავის გახსნას ულოცავს.
,,მინდა, მივულოცო ლაშა ბექაურს, გენო პეტრიაშვილს დღევანდელი დღე და ის გამარჯვებები, რასაც ჩვენმა ბიჭებმა მიაღწიეს. დღეს პირველად გაიხსნა ოლიმპიურ კომიტეტის ეზოში ჩვენი გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი. ვულოცავ მას ამ ღირსეულ გამარჯვებას, რომელიც ნანატრი იყო ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და თავისთავად, მისთვის. მინდა, რომ ბევრი წარმატება ვუსურვო ქართველ სპორტსმენებს და გაათმაგებულიყო და გაასმაგებულიყოს ეს ვარსკვლავი. ჩემთვის, ძალიან დიდი პატივია, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვარ პირველი სპორტსმენი, ვინც სამჯერ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი “, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის თქმით, მოხარულია, რომ კიდევ ერთხელ შეძლო და უკვე გახსნილ ვარსკვლავს მეორე ოქროს მედლის წარწერა დაუმატა.
,,მოხარული ვარ, რომ შევძელი და დავამატე ჩემ ვარსკვლავს წარწერა, მეორე ოქროსი. მინდა, გენოს მივულოცო ახალი ვარსკვლავის გახსნა. ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.