„ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ“ – სილვინიო ალბანეთის ჰიმნის დროს ქართველების ტაშზე

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ საქართველოსთან მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? ადრეც ვთქვი, რომ ჩვენ დაბალანსებულ ჯგუფში ვართ, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა.

შანსები საქართველოსაც ჰქონდა. მთლიანობაში, ჩვენი თამაშით და დღევანდელი გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ.

რაც შეეხება ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაშს, ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ.

მიმაჩნია, რომ, დღევანდელი შედეგების მიუხედავად, შანსები ბოლო ტურამდე ყველა ნაკრებს ექნება“, – განაცხადა სილვინიომ.

მსგავსი თემები