რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე სამი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

გასული დღის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში განხორციელებულ თავდადსხმებს, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, დაშავებულია 14 ადამიანი.

სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარების სოფელ ბოჰოიავლენკაზე თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსებმა ასევე დაარტყეს სოფელ ივანოფილიას, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ 8 ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთმა 11 ოქტომბერს, 11 ადგილზე 425 დარტყმა განახორციელა. ღამით, ქალაქ ზაპოროჟიეზე, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ახალგაზრდა გოგოა.

ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მარჩენკოს ინფორმაციით, ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა და ბიზნესი.

მსგავსი თემები