სიმონ ნოზაძე: 50 პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი პარტია გადალახავს

  •  

“მე მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ არჩევნებს და ჩემი აზრი არ შეცვლილა, სხვათაშორის არც იმის მომხრე ვიყავი, რომ პრეზიდენტი რიტუალურ ფიგურად ქცეულიყო საქართველოში. მგონია, რომ გავა წლები და არცთუ ისე გვიან, დაიწყება საუბარი ისევ მაჟორიტარული სისტემის აღდგენაზე და ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნაზე,”- ამის შესახებ დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ბუნებრივია, პარლამენტი დემოკრატიული სტრუქტურაა და კარგია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაგრამ იმ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფებით, ვფიქრობ ერთი ძლიერი ფიგურის არსებობა აუცილებელია, ეს უნდა იყოს საყოველთაო წესით არჩეული პიროვნება, ასეთი იქნება მხოლოდ პრეზიდენტი,”- აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში აღარ იყოს:

“დავთანხმდი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, რადგან მუდმივი ურთიერთობა მაქვს ჩემს ამომრჩეველთან და ზოგადად, ხალხთან, – სკოლებში, ინტელიგენციასთან, მოსწავლე-ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან… და ვხედავ საპროტესტო მუხტს იმისა, რომ ძალაუფლება ახლა ერთი პარტიის ხელშია. მოდი, ვაღიაროთ, რომ მართლაც ასეა, რაც პროტესტს იწვევს. მომავალი არჩევნები აქამე არსებული წესით რომ ჩატარებულიყო, “ქართული ოცნების” უპირობო გამარჯვებით დამთავრდებოდა და მოდი, ნუ დავაკნინებთ იმ ფაქტს, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა. მან თქვა, ფაქტობრივად, რომ მზადა ვარ, მინიმუმ, კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბოთ”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

მისი თქმით, საზოგადოება მესამე პოლიტიკურ ძალას ითხოვს, არსებული პარტიები კი 50 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ:

“ვერც ერთი პარტია მომავალ არჩევნებში 50 პროცენტს ვერ დააგროვებს, ვერც “ქართული ოცნება” და ვერც მისი მოწინააღმდეგე პარტიები. ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაძლოა, მესამე ძალა გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან,”- განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები