აშშ-ის ოფიციალური პირები მოსახლეობას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის, ,,მილტონის” შესახებ აფრთხილებენ, რომელიც ფლორიდის სანაპიროსკენ მიემართება. ფლორიდაში მოახლოებული საფრთხის გამო 5,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სინოპტიკოსების განმარტებით, ,,მილტონი”, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ქარიშხალი იყოს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკას ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დაატყდა თავს. მისი სიმძლავრე მეხუთე დონემდე მერყეობდა.
ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) უახლესი პროგნოზით, სტიქია ფლორიდას ხუთშაბათს, 06:00 საათისთვის მიუახლოვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ,,მილტონმა” შეიძლება ქალაქ ტამპასაც გადაუაროს, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სინოპტიკოსები კოკისპირულ წვიმას, წყალდიდობას, ძლიერ ქარს ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ქარიშხალმა ,,ჰელენმა” დიდი ზიანი მიაყენა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. სტიქიამ 200-მდე ადმაიანის იმსხვერპლა.