ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 40 წლამდე მამაკაცმა თავისი მეზობელი სახლის აივანზე მოკლა. დანაშაულის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ, ოჯახის წევრები კი მკვლელობის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ.
,,ჩუმად მოეპარა, პირდაპირ თავში ესროლა, რომ წაიქცა მივიდა და გულშიც ესროლა. კი არ გაიქცა, ახლად გადატენა და ყველა მოსაკლავად მიდიოდა. ჩემი თვალებით ვუყურე”, – ამბობს დანაშაულის თვითმხილველი მოკლულის ახლობელი.
ახლობლები ამბობენ იმასაც, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებულად აგრესიული იყო. მათივე ცნობით, მეზობლებს შორის კონფლიქტი წლების წინ სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ლეღვაში 8 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებული საკუთარ სახლთან დააკავეს.