რუსეთის მიერ დანიშნული ,,ხელმძღვანელის” იგორ ტკაჩენკოს ცნობით, ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, სადაც ნავთობბაზა უკვე მეორე დღეა იწვის, ევაკუაცია გახდა საჭირო. ნავთობტერმინალის მიმდებარედ მცხოვრები 1000-ზე მეტი ადგილობრივი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
,,შემთხვევის ადგილის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის – ჩერნომორსკაიას სანაპიროზე და კამიშის მახლობლად, განხორციელდა 1047 ადამიანის დროებითი ევაკუაცია დროებითი განსახლების ცენტრებში,” – წერს ტკაჩენკო Telegram არხზე.
მისი თქმით, ხანძრის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ.
ფეოდოსიაში ნავთობის საცავს, ორშაბათს გამთენიისას, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.