განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, ყველა აბიტურიენტის უფლება იქნება დაცული

საქართველოს მეცნიერების და განათლებისა და კულტურის სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად, რათა ყველა აბიტურიენტის ინტერესი იყოს დაცული.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შექმნილ პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა არაერთმა აბიტურიენტმა და მათმა ახლობელმა გააკეთა განცხადება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებოდათ და განათლების სამინისტროს სთხოვდნენ, გამოცდები მათთვის გადაევადებინათ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 ივნისს ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, საქართველოში პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ზეგ, პირველ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

მსგავსი თემები