ანალიტიკოსის შეფასებით, ვითარების განმუხტვაში უცხოელი მედიატორები უნდა ჩაერთონ

“ახლა საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის რადიკალურად დაწევა და თუ მოლაპარეკების მაგიდასთან დასხდებიან ხელისუფლებისა და კონსტრუქციულად დაწყობილი ოპოზიციის წარმომადგენლები, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში’ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ანალიტიკოსი თვლის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილი კონსტრუქციული ძალების მოლაპარაკებას შედეგი ექნება, თუკი ამაში დასავლელი მედიატორები დაგვეხმარებიან.

“მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აუცილებელია, რადგან შესაძლოა, მცირე რეიტინგული ოპოზიციური პარტიებისგან იქამდე მივიდეს, რომ გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები და დავემშვიდობოთ მერე ამ ნულპროცენტიანი ბარიერის შემოთავაზებას, რაც ასევე მიუღებელია, იმიტომ რომ ნულპროცენტიანი ბარიერი აუცილებლად უნდა გამყარდეს, განმტკიცდეს და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვეს. ამიტომ, ახლა საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის რადიკალურად დაწევა და თუ დაგვეხმარებიან ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები, რომ მოლაპარეკების მაგიდასთან დასხდნენ ხელისუფლებისა და კონსტრუქციულად დაწყობილი ოპოზიციის წარმომადგენლები, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება,”- აცხადებს ანალიტიკოსი.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, ეკონომიკური ომი რუსეთმა უკვე დაიწყო, რის გამოც, სტაბილურობის პოტენციალის შენარჩუნებაა საჭირო.

“რუსეთმა ჩვენთან ეკონომიკური ომი უკვე დაიწყო და არ ვიცით, კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამს. სიტუაცია ძალიან მყიფეა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იმ სტაბილურობის პოტენციალი, რომელიც აქამდე გვქონდა და ჯერჯერობით კიდევ გვაქვს. უნდა დასხდნენ საპარლამენტო ფორმატში, უმრავლესობა და უმცირესობა და ისაუბრონ, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები, რომ ოპტიმალური გამოსავალი მივიღოთ. მოლაპარაკების პროცესში ყველაფერი გამოიკვეთება, როცა ვთქვათ, ავტორიტეტული პიროვნებები ევროპიდან თუ ამერიკიდან ჩამოვლენ და მოახერხებენ, პირისპირ დასვან მაგიდასთან დაპირისპირებული მხარეები,”- აცხადებს ანალიტიკოსი “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები