თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო სტაციონარული, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პროკურორმა.