,,ამჟამინდელი მთავრობის პირობებში ისე ჩანს, რომ დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ უკუსვლაა. რამდენად სახიფათოა ეს ახალი რეალობა საქართველოსთვის?”, – ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დაუსვეს.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი და დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება. მისივე თქმით, სჯერა, რომ ქართველი ხალხის ნება მომავალ არჩევნებში ყველა ამ საფრთხეს გადაწონის:
,,ჩვენ მონეტის მეორე მხარე ვართ. თუ უკრაინა სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ჩვენ ჰიბრიდული ომის, პროპაგანდისა და სხვადასხვა სახის ზეწოლის მსხვერპლი ვართ. ითესება შიში და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროება, რაც გამოიხატება ცოტა ხნის წინ მიღებული რუსული კანონით, რომელიც ამჟამად უკვე მოქმედებს. სწორედ ეს ყველაფერი დევს სასწორზე და მე მჯერა, რომ არჩევნებზე ხალხის ნება გადაწონის ამ საფრთხეებს. ქართველებმა ბევრი ბრძოლა გამოიარეს, რომ თავიანთი თავისუფლება და ევროპული მომავალი დაეცვათ და მე მჯერა, რომ ისინი ამჯერადაც გაიმარჯვებენ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზურაბიშვილი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას.
შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.
შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ.