„ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს მტკიცებულებებით გამაგრებული სიმართლეა“ – გიორგი კვირიკაშვილი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მტკიცებულებებით გამაგრებული სიმართლე საქართველოს მხარესაა და იმედი გამოთქვა, რომ ომის შედეგად დაზარალებულებს სასამართლოს მიმართ რწმენა დაუბრუნდებათ.

პრემიერის შეფასებით, საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლითაა დაკომპლექტებული, თავად ევროპული სასამართლოსთვისაც პრეცედენტულია.

„მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის. 23 მაისს, სტრასბურგში სამართლებრივი დავა გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს ნამდვილად არის მტკიცებულებებით გამაგრებული სიმართლე. საქართველო ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური”, – აცხადებს პრემიერი.

​მისივე თქმით, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ასეულობით დოკუმენტი და მტკიცებულებაა წარდგენილი, მათ შორის, რადარების მონაცემები და სეისმური სადგურების მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები.

“სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება – ვიდეო მასალები, ფოტომასალები, რადარების მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურების მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, დანაღმვის ანგარიშები და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი თემები